იუსტიციის საბჭოს ინიციატივას, დასჯადი გახდეს მოსამართლეების შეურაცხყოფა, მესამე სექტორში აფასებენ. არასამთავრობოებში აცხადებენ, რომ კრიტიკის დასაშვები ზღვარის დადგენა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ სასამართლოს განვითარებას და დამოუკიდებლობას.
მათი თქმით, კრიტიკის შეზღუდვით ვერ განვითარდება სასამართლო და ვერ გამოსწორდება სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული, განმარტავს, რომ საბჭოს წევრების ეს ინიციატივა გახმაურებულ საქმეებზე კრიტიკის საპასუხო რეაქციაა.
„ასეთი ინიციატივები, რომელიც ჟღერდება არასწორ მოლოდინს ქმნის როგორც მოსამართლეებში, ასევე საზოგადოებაში და მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა დასმულია იმ ძალიან მძიმე კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, სასამართლოს კრიტიკის მიღებისა და შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„სასამართლო ნაცვლად იმისა, რომ თვალი გაუსწოროს არსებულ რეალობას, ერთადერთ თავდაცვას და გამოსავალს ხედავს იმაში, რომ გააჩუმოს კრიტიკული აზრი. გამოსავალი არის სისტემის გაჯანსაღებაში, იმიტომ, რომ არ მგონია, სასმართლო, რომელსაც ექნება ობიექტურობის და სამართლიანობის მაღალი ხარისხი, ვინმემ უსამართლოდ გააკრიტიკოს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.