უამინდობა საქართველოს რაეგიონებში - ძლიერმა ქარმა წალენჯიხის რაიონში 5 სოფელი დააზარალა. წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები და სკოლა. შენობების უმრავლესობას ქარმა სახურავი გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი ამ დროისთვის სოფელ ჯვარში განლაგდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, შენობებს დროებით გადახურავენ, აღდგენით სამუშაოებს კი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყებენ, სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა.
უამინდობაა აჭარაშიც. სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერმა ქარმა გონიოს ერთ-ერთი სკოლის სახურავი დააზიანა, ადგილზე ამ წუთებშიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. გონიოში, საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც 6 ავტომობილი დააზიანა.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს კახეთშიც ითვლიან. ძლიერმა ქარმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დააზიანა.
სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა საქართველოში კიდევ 3 დღეს გასტანს.