18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, დასახლება სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. მათი ინფორმაციით, რესურსი ახლად აგებულმა ჩიფსების ქარხანამ მიითვისა. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ბოლნისის რაიონის გამგებელი კი აცხადებს, რომ საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა საწარმოს კავშირს წყლის პრობლემასთან გამორიცხავს.

„თუ სარწყავი წყალი გაინტერესებთ მიმართეთ მელიორაციის სამსახურს, თუ სასმელი წყალი გაინტერესებთ მიმართეთ გაერთიანებულ წყლის კომპანიას. ადგილობრივებს აუცილებლად ექნებათ სარწყავი წყალი, პირიქით გაუმჯობესდება მორწყვის რეჟიმი. ანუ, რაც ჰქონდათ შარშან, ის ყველა შემთხვევაში ექნებათ, თუ უკეთესი არა და თუ რამე სხვა სახის პრეტენზია აქვთ, ხვალ გავერკვევი აუცილებლად,“ - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა საქართველოს მელიორაციის კომპანიაშიც.

"შპს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს პროექტს ზედა არხის სისტემიდან სოფელ სავანეთის ფართობების წყალუზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. პროექტის ფარგლებში მოეწყო დახურული ქსელი, მომზადებულია გადასაერთებელი მილსადენი.

დღეისათვის მიმდინარეობს დგარების მონტაჟი.  პროექტით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყლის მიწოდება. აღნიშნული ფართობიდან 150 ჰექტარი ეკუთვნის "ჩიფსის მწარმოებელ" ქარხანას, ხოლო დანარჩენი სოფლების ტალავერი და სავანეთის წყალმომხმარებლებს.

15 მაისიდან სათანადო გრაფიკით სარწყავი წყალი მიეწოდება ყველა წყალმომხმარებელს, ვინც გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას სამელიორაციო მომსახურებაზე," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

 

 

დღის ამბები