18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ექსპერტიზის განსხვავებული პასუხები - ქართველი მეზღვაურის მშობლები სამი წელია შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვენ

ორი ექსპერტიზა და ორი განსხვავებული პასუხი - რა გახდა თურქეთში 27 წლის ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი. უკვე სამი წელია გარდაცვლილის მშობლები ცდილობენ დაადგინონ, რისგან დაიღუპა მათი შვილი.

თურქმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა გარდაცვალების მიზეზად ჰეროინით ინტოქსიკაცია დაადგინეს. საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გარდაცვლილის სხეულზე ოჯახის წევრებმა ძალადობის კვალი შენიშნეს. მათ საკუთარი ხარჯებით, ხელახალი ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროში ჩაატარეს. თურქეთსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზების პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ქართველმა ექსპერტებმა გარდაცვლილის ორგანიზმში ჰეროინი ვერ იპოვეს.

გოდერძი გენჯაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სიმართლის დადგენას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ. მათ საქართველოში გამოძიების დაწყებაზე უარი რამდენჯერმე უთხრეს. ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით საქართველოში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

გენჯაძეები ჯერ კიდევ ელოდებიან, გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ მაინც დადგინდეს სიმართლე, გარდაიცვალა თუ არა გოდერძი გენჯაძე ჰეროინით და გაირკვეს ექსპერტიზის ორი დასკვნიდან რომელია მცდარი, ქართული თუ თურქული.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები