ხელისუფლების მიერ წამოწყებულ რეფორმებს შორის ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის მხრიდან ყოველთვის ყველაზე დადებით შეფასებას იმსახურებდა. თუმცა მმართველ გუნდში ხვდებიან, რომ ის სრულყოფილი არ არის და სისტემის შეცვლაზე მუშაობენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად და თავად სახელმწიფოს სტატისტიკის მიხედვით, ჯანდაცვის მომსახურების ხარჯი მოსახლეობას გაეზარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ჯანდაცვის ხარჯები უფრო გაეზარდათ, ხოლო შეძლებულ მოქალაქეებს შეუმცირდათ.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია იმ ფორმულის შეცვლა, რომლის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს ანაზღაურებს. მისი თქმით, სხვადასხვა კლინიკაში ერთი და იგივე მომსახურების ფასი ერთმანეთისგან ხშირად ძალიან განსხვავდება.
ჯანდაცვის სისტემაში კიდევ ერთ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას სამედიცინო ბაზრის მკვლევარი, სერგო ჩიხლაძე. მისი აზრით, უწყების უფასო მედიკამენტების პროგრამა არარეალურია, რადგან ადამიანზე დაახლოებით 2-3 ლარს ითვალისწინებს. მისი თქმით, მოსახლეობა ექიმთან მიდის, თუმცა სპეციალისტის დანიშნულ მკურნალობას ვეღარ გადის.
ძვირადღირებული მედიკამენტების პრობლემა ბიძინა ივანიშვილი მეგობრის, მაშკევიჩის ჰუმანითი-ჯორჯიას უნდა მოეგვარებინა. კომპანიამ საპარტნიორო ფონდიდან აღებული სესხით 5 მილიონი დოლარის უხარისხო და უნებართვო მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ნაწილს ვადაც ეწურებოდა. კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, საბოლოოდ კომპანიას პატენტის დარღვევისთვის ფრანგულმა სერვიემ უჩივლა და წამლები დაუყადაღა.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.