დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შექმნილია შედეგების სალიკვიდაციო შტაბი.
„ძლიერმა სტიქიამ, ქარმა დააზიანა გურიის რეგიონი მთლიანად, მათ შორის, ყველაზე მეტად ოზურგეთი. ამ შედეგების სალიკვიდაციო შტაბი უკვე შექმნილია, ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ხელისუფლება უმოკლეს დროში აღმოუჩენს დახმარებას ყველა ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ამ სტიქიის შედეგად დაზიანდა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
სტიქიის შედეგად ზუგდიდის რაიონის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მოგლეჯილმა ხეებმა გზა ჩახერგა და ამ დროისთვის რამდენიმე სოფელში შეფერხებულია ავტოსაგზაო მოძრაობა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა წალენჯიხის სოფლებში, ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
სტიქიას უბედური შემთხვევაც მოჰყვა ოზურგეთში. მამაკაცი, რომელიც დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებას ცდილობდა, ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.