ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტს, ირაკლი ჩხვირკიასა და ანტიკორუფციული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს იმ აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს, რომლებიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.
მერაბ ღოღობერიძე ერთ-ერთი იყო, ვისაც ადგილობრივი საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები სოციალურ ქსელშიც ჰქონდა დაანონსებული.
ირაკლი ჩხვირკია კი თბილისში დააპატიმრეს და შემდეგ აჭარაში გადაიყვანეს. მისი ადვოკატებისთვის გაუგებარია რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ბრალდებულის მიმართ, რომელიც მათი მტკიცებით აქციების დაწყების დროს საერთოდ თბილისში იმყოფებოდა და მას პოლიცია მხოლოდ განსხვავებული აზრისთვის უსწორდება.
ერთ საქმეზე დაკავებულები ერთმანეთს არ იცნობენ. ადვოკატების მტკიცებით, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს წარსულში საერთო ინტერესებიც არასდროს ჰქონიათ. ორივე დაკავებული დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ცნობილია, რომ მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილს მიმართა.