ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე მოქალაქეებს დაუფინანსდებათ. ეს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. სახელმწიფო 6 თვის სამყოფ მედიკამენტებს საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეისყიდის. ამისთვის 4 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
ცვლილების დეტალებზე განცხადება, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ისაუბრა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც იყო საყოველთაო ჯანდაცვის, წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. დღეს ეს კომპონენტი გაუჩნდებათ ახალი სახელმწიფო პროგრამის სახით. ეს პრივილეგია გავრცელდება 0-დან 100 ათას ქულამდე მქონე მოქალაქეებზე და მათ დაეფარებათ 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები, “ - განაცხადა დავით სერგეენკომ.