18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ბრალდებები დავით სესიაშვილის მისამართით - რესპოდენტების ერთ დღეში შეცვლილი კომენტარები

დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მანქანა, რომელიც 2015 მომხდარი ქურდობის საქმეში ფიგურირებს და რომელზეც მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქურდობის თაობაზე პოლიციაში დარეკა, დავით სესიაშვილს არ იცნობდა.

საქმეში მონაწილე პირები, ლევან ჩოთალიშვილი და თამარ წილოსანი დღეს გუშინდელისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. გუშინ ლევან ჩოთალიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობდა, რომ მანქანა, რომელიც 2015 წელს გაქურდეს, მას ეკუთვნოდა, დღეს კი ის აცხადებს, რომ მანქანა მისი საკუთრება არ არის. ამასთანავე, ჩოთალიშვილი და წილოსანი, რომლის ჩანთაც მანქანიდან მოიპარეს, გუშინ კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილს იცნობდნენ, თუმცა დღეს ისინი აღნიშნავენ, რომ დავით სესიაშვილს ზედმეტსახელით იცნობენ.

„რამდენჯერმე მყავს სულ ნანახი და სახელი და გვარიც არ ვიცი, ზედმეტსახელით ვიცნობ და ამიტომ ვერ მივხვდი გუშინ ვისზე იყო საუბარი. ჩემი მანქანა არ არის ის, არის სესიაშვილის შვილის ძმაკაცის საკუთრებაში და რა თქმა უნდა, იქნებოდა ის მისი ხელის ანაბეჭდები,“ - განაცხადა ლევან ჩოთალიშვილმა.

ასევე ზედმეტსახელით იცნობდა დავით სესიაშვილს მეორე რესპოდენტი, თამარ წილოსანი.

„მე ვიცნობ მას როგორც დუჩის და თქვენ მკითხეთ მე სახელით და გვარით, დავით სესიაშვილი რომ იყო არ ვიცოდი. ვიცნობ, ბევრჯერ მინახავს, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი, ყველა მოიხსენიებს მას, როგორც დუჩის,“ - აცხადებს თამარ წილოსანი.

ირაკლი სესიაშვილის მეგობარი, გიორგი სანაია აცხადებს, რომ მანქანა, რომელიც 2015 წლის საქმეში ფიგურირებს, მის საკუთრებაშია, რომლითაც მისი შვილი ხშირად დადის.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ დავით სესიაშვილი ამ საქმეში არ ფიგურირებს, ხოლო დღეს უწყებაში განმარტეს, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილი არცერთ საქმეზე არ არის მხილებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები