ციანიდის საქმის მთავარ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის ქმედებები ანგარებას დაუკავშირა. პროკურატურის მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებას მოსამართლე 5 მაისიდან დაიწყებს. რამდენიმე ტომიანი საქმის მასალები შოთაძის უწყებამ სასამართლოში უკვე გადაგზავნა. პროკურატურის ინფორმაციით, სამთვიანი გამოძიებისას მათ ყველა ის მტკიცებულება მოიპოვეს, რომლითაც მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობის დამტკიცებას შეძლებენ.
ბრალდებული დეკანოზისთვის ანგარებით მოქმედების დაბრალება მიუღებელია მისი ადვოკატისთვის. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე სამსახურებრივად უზრუნველყოფილი იყო. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. მათი ცნობით, დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოში კარიერული წინსვლა და გავლენა სურდა, ამაში ხელის შემშლელად კი პატრიარქის მდივანრეფერატ შორენა თეთრუაშვილს თვლიდა.
გამოძიების, ცნობით მამალაძეს თეთრუაშილთან ურთიერთობა 2015 წლის იანვარში დაეძაბა, როდესაც ის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოში ისინი პროკურატურის ბევრ მტკიცებულებას გახდიან სადავოს. მათ შორის ფარულ ვიდეო ჩანაწერს, რომლის მოპოვებაც და ავთენტურობაც მამალაძის იურისტებისთვის საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მასალებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც დევს.
პროკურატურის ქმედებების მიმართ შეკითხვები არ აქვს საპატრიარქოს წარმომადგენელს. თუმცა, ედიშერ ქარჩავა საქმეში გარკვეულ მინიშნებებს ხედავს.