მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება - ელდარ გუნდიშვილი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ აძვის მინდვრებიდან ოკუპანტებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც საქონელს აძოვებდა. 68 წლის მწყემსის თქმით, ის ორ თანასოფლელთან ერთად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფ ზოლთან დაახლოებით 200 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილიდან აქამდე არავინ აუყვანიათ. გუნდიშვილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობას წელს კიდევ უფრო ავიწროებენ. ამბობენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოებს ვეღარ ასრულებენ იმ მიწებზე, სადაც შარშან ხორბალს თესავდნენ.
იმ ტერიტორიებზე, სადაც ხშირია რუსი ოკუპანტების მხრიდან მოქალაქეების გატაცება, ადგილობრივები ქართველი სამართალდამცავების 24 საათიან პატრულირებას ითხოვენ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულირება 24 საათის განმავლობაში დიდი ხანია ხორციელდება.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.