4 შვილის დედა, რომელიც ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით მოკლა, რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის ოჯახის ახლობლების თქმით, მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა სამართალდამცავებმა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოწერეს.
წელს ეს ფემიციდის უკვე მეხუთე შემთხვევა. ქალის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტებს სახალხო დამცველი სწავლობს.
ომბუდსმენის აპარატში ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცველების არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მოუწესრიგებელია საკანონმდებლო ბაზა და არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა.
ქალთა მოძრაობის წევრები ფემიციდს მწვავე სოციალურ პრობლემად განიხილავენ. ისინი კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არა აქვს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდეს და ფემიციდი დასჯადი გახდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობის 364 ფაქტი გამოვლინდა, სამართალდამცველებმა კი 752 შემაკავებელი ორდერი გამოწერეს.