17 იანვარი 2021,   10:31
ვრცლად
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მნიშვნელობა - ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრობენ

ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან საფრთხესა და მზარდ პროვოკაციებზე საუბრობენ. ანალიტიკოსები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, არ დაუშვას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე განცხადებები ჰერითიჯის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.

„თუკი ჩვენ გვინდა ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ჩართულობა, გვჭირდება ვინმე, ვინც ამას უხელმძღვანელებს. თუ არა შეერთებული შტატები, მაშინ ეს უნდა იყოს ნატო ან მისი მთავარი ძალები, როგორებიც არიან გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები, რადგან ამერიკის ლიდერობის გარეშე ევროპული ქვეყნები ალბათ არ გააკეთებენ იმ საქმეს, რაც საჭიროა. თუკი ჩვენ არ შევასრულებთ ამ ყველაფერს, რუსები, ირანელები და ჩინელები იქნებიან დომინირებულები სამხრეთ კავკასიაში,“ - აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი არიელ კოენი.

ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი შეერთებული შტატების 4 მთავარ მიზანზე ამახვილებს ყურადღებას.

„სამხრეთ კავკასია უნდა დარჩეს სუვერენული, უსაფრთხო, სტაბილური და თვითმმართველი. ეს ნიშნავს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, თვითმართვის უზრუნველყოფას გარე მოთამაშეების გავლენის გარეშე და ომისა თუ გაყინული კონფლიქტების მოგვარების საჭიროებას,“ - განაცხადა ლიუქ ქოფიმ.

ჰერითიჯის ფონდის შეხვედრაზე მწვავე შეფასება მისცეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ანატოლი ბიბილოვს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„უცნაურია სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულ ე.წ. პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რამაც საქართველოში დიდი სკანდალი გამოიწვია. ევროკავშირის მაღალჩინოსანი, რომელიც რუსული ოკუპაციით დარღვეულ საქართველოს სუვერენიტეტს უნდა იცავდეს, რატომ ულოცავს ბატონ... თიბილოვს? იბილოვს? რა გვარია? არალეგიტიმურია და არ გვაინტერესებს,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა არიელ კოენიმ.

ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსანს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

დღის ამბები