18 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
"რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანდნენ

რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ძალისხმევით, ერთ ბლოკად იბრძოლებენ. სამომავლო გეგმების შესახებ ამ წუთებში ერთობლივი პრესკონფერენცია იმართება.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის თქმით, ადამიანის უფლებები წარმოადგენდა და წარმოადგენს, როგორც თავისუფალი დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მთავარ ღირებულებად.

შალვა შავგულიძის თქმით, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკურმა პარტიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების კოალიციის გამარჯვებაში.

შალვა შავგულიძემ ქართულ ოცნებასთან განხეთქილების მიზეზებზეც ისაუბრა.

შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დაპირებების მიუხედავად, პოლიტიზირებული სასამართლო და დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად ერთპარტიული და არაფორმალური მმართველობა დააწესა ქვეყანაში.

„ჩვენი გზების გაყრასთან ერთად ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა, როგორც რესპუბლიკელებს, ისე თავისუფალ დემოკრატებს, რაც გამოიხატა პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ორივე პარტია ერთი იდეოლოგიისაა. მათ აქვთ მსგავსი ხედვა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, ამიტომაც გაერთიანდნენ ერთ ბლოკად.

„დღესაც დაიღუპა ახალგაზრდა კაცი მშენებლობაზე, ჩვენი ხელისუფლება არ იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და არ ცვლის კანონმდებლობას. დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო. დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ. დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობაზე.  ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ერთ ბლოკად,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

დღის ამბები