03 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ქობულეთში მომხდარ პროვოკაციას „პრინციპულად გმობს“

ირაკლი  ღარიბაშვილი  აცხადება, რომ ქობულეთში მომხდარი პროვოკაცია „რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობაა“ და პირობას იძლევა, რომ  ამას „სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება“.

ღარიბაშვილის ეს   განცხადება პრემიერ-მინისტრის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე  დღეს გამოქვეყნდა.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.

ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში,“ აცხადებს ღარიბაშვილი და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით,“ - აცხადებს ღარიბაშვილი.

გუშინ ქობულეთში  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლამადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, მუსლიმურ პანსიონთან  ღორი დაკლეს და თავი პანსიონის კარებზე დაამაგრეს. ამით მათ დასახლებაში მუსლიმური მედრესეს ანუ სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს.

მომხდაღთან დაკავშირებით მუსლიმები სამართალდამცველებს მიმართავენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება მუსლიმებისთვის  დიდი შეურაცხყოფაა.

გუშინ  შსს-ს პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრული არ არის, რადგან უწყებაში არანაირი განცხადება არ არის შესული.

 

დღის ამბები