17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
გამოვთქვი მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა და პოლიტიკური დიალოგიც - პრემიერმინისტრი 

მე გამოვთქვი მზადყოფნა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე პოლიტიკური დიალოგიც - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის განცხადებებს გამოეხმაურა.

პრემიერი ამბობს, რომ ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში შევა, არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცვლილებებით, იზრდება პარლამენტის როლი, სწორდება ძალთა გადანაწილების ბალანსი, მარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცვლილებების შემუშავების პროცესში არა ერთ კომპრომისზე წავიდა. მათ შორის არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

„ვისმენთ ბრალდებებს მხარიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ. ამის იქით არაფერი არ არის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ, რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები