23 დეკემბერი 2024,   01:19
ვრცლად
სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი გუშინ დადგეს.

როგორც „რუსთავი 2“-ს ადგილობრივმა ფერმერმა გია ხოდელმა განუცხადა, ადგილობრივებმა დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

ე.წ. საზღვრის იქით მოექცა გია ხოდელის მიწის ნაკვეთიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დღეს დილით ნახეს და ინფორმაცია ადგილობრივ სამართალდამცველებს მიაწოდეს.

„დღეის მდგომარეობით მოსავალი ასაღებია და ალბათ ამიტომ მოხდა, მოსავლის მიტაცებაც უნდათ. შემდგომში შეიძლება მთლიანად დაიკარგოს ის 31 ჰექტარი, თუ ისინი მოიწადინებენ. თუ წინააღმდეგობა არ იქნება, შეიძლება ამ ტერიტორიამდეც მოვიდნენ,“ -განაცხადა გოდერძი ერაბაშვილმა.

ადგილზე ამ დროისთვის ქართველი სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. გელა კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკას რუსული საოკუპაციო რეჟიმი ღია აგრესიით და ახალი მცოცავი პროვოკაციით პასუხობს.

„რამდენადაც ცნობილი გახდა, გადმოწეულია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი და 10 ჰექტარი მიწა ადგილობრივ მოსახლეს მოუყოლეს საოკუპაციო ზოლში. ეს არის ბუნებრივია გამოძახილი, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და იმ ქმედებების დასჯა, რასაც ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა ჰქვია,“ - განაცხადა გელა კაპანაძემ.

 

დღის ამბები