23 დეკემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ბორდერიზაციის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა - ერგნეთში შეხვედრა დასრულებულია

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადებები გააკეთეს ქართული მხარის წარმომადგენლებმა. ქართულმა მხარემ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს დაუყენა საკითხი, რომ ის ხნულები, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაყენებული და ასევე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, მათთვის მიუღებელია. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება, როგორც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებთან, ისე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან 6 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე დააყენა, ეხებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ბორდერიზაციას სიღრმისეულ პრობლემას უწოდებს.

„პროცესი დაიწყო მავთულხლართებით, შემდეგ გაგრძელდა ღობეებით, შემდეგ სახე იცვალა და გადავიდა ბანერების უკანონო ინსტალაციაში და ბოლო ფაზა ბორდერიზაციის პროცესის, სწორედაც გამოისახება ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის დაფიქსირებაში საოკუპაციო ზოლზე. დღევანდელ შეხვედრაზე ამ პრობლემებზე ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. ზოგადად, ივნისში დაფიქსირდა ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურება, რაც ცალსახად არის საკმაოდ სიღრმისეული პრობლემა, იმიტომ რომ ადგილობრივებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ექმნებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. ჩვენი შეფასებით, ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში. აუცილებელია, ადგილობრივებს, ვისაც საოკუპაციო ზოლზე აქვთ მიწის ნაკვეთი, მათ მიეცეთ მათი დამუშავების და მოსავლის აღების საშუალება,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები