18 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა - უწყებები შეთანხმებულ ვერსიაზე დღის ბოლოს ჩამოყალიბდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნა ქართულმა მხარემ ოფიციალური უკრაინის კითხვის პასუხად გაგზავნა. ეს განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესდა, კვლავ ძალაში იყო თუ არა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოთხოვნა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კი, ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ სწორედ ქართულმა მხარემ მიმართა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით. დღეს კი პროკურატურაში განმარტეს, რომ სააკაშვილის გადმოცემაზე მესამე მოთხოვნა კიევში უკრაინელი კოლეგების შეკითხვის პასუხად გაგზავნეს.

მიხეილ სააკაშვილის ქართველი ადვოკატი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირების ეშინია. ბექა ბასილაიას განცხადებით, ოფიციალური უწყებები ახლა ცდილობენ პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს დააკისრონ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი იურისტების ინფორმაციით, უკრაინიული კანონმდებლობის მიხედვითაც, ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების ინიციატორი ვერ იქნება. სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების გააქტიურება 10 სექტემბერს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის წევრები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას გამორიცხავენ. სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობა მიხეილ სააკაშვილს ჯერ უკრაინაში სურს. 

უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. უკრაინული მედიის ცნობით, უწყება საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის ჩასვლის დღეს ხალხის მობილიზაციას ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები