19 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს - თეა წულუკიანი

ჩვენი მხრიდან გადავუგზავნეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, დოკუმენტაცია არის გასწორებული და დანარჩენი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს- ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას გააკეთა. 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. 

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის სამართლებრივად გაკეთებული იმისთვის, რომ უკრაინის პროკურატურას და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს ყველა დოკუმენტაცია, როგორც შინაარსობრივად, ასევე ფორმალურადაც პროცედურები დავიცავით, შესრულებულია და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები, უკრაინული სასამართლო და უფრო ფართე გაგებით უკრაინის სახელმწიფო, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ვერავინ იწინასწარმეტყველებს ან განჭვრეტს წინასწარ. მთავარია, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა არის ამოწურული და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კითხვაზე, რამდენად სწორია პოლიტიკური კუთხით საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება, წულუკიანი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, მათ შორის არც მის ახლანდელ თანაგუნდელებს. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა. 

თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პასუხი აქვს გასაცემი იმ ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

„პოლიტიკურად მე ვფიქრობ, რომ თვითონ სააკაშვილის თანაგუნდელებს და ყოფილ თანაგუნდელებს აღარ აინტერესებთ ის, არამც თუ „ქართულ ოცნებას“ ან რომელიმე მოქმედ პოლიტიკოსს საქართველოში. ჩვენთვის როგორც პოლიტიკოსი სააკაშვილი არის წარსული, ის ერთადერთი, ვისაც დღეს საქართველოში აინტერესებს, ჩვენს პროკურატურას, აინტერესებს ქართული მართლმსაჯულების სისტემას,“ - აცხადებს წულუკიანი. 

დღის ამბები