21 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა პარტიამ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკურ პარტიებს 16 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილთან მიწვეულია ყველა პარტია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაც, თუმცა, მმართველი გუნდი პრეზიდენტს განსხვავებულ ფორმატში, ცალკე შეხვედრას სთავაზობს.

ამ საკითხზე კომუნიკაცია საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შედგა, თუმცა შეიცვლება თუ არა ფორმატი, ჯერჯერობით უცნობია.

„შესთავაზა უმრავლესობამ პრეზიდენტს ასეთი ფორმატით შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. ვიცი, რომ არის კომუნიკაცია პრეზიდენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, ისინი შეხვედრის დროსა და ფორმატზე შეთანხმდებიან. ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეცის კომისიის ხელმძღვანელობის შესაბამისად, გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება ორ საკითხს - ბონუსის ამოღება ახალი რედაციიდან და ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ პრეზიდენტი ვეტოს ამ სახით გამოიყენებს, ეს იქნება ჩვენი ხედვით, ყველაზე სწორი ნაბიჯი.

"რაც შეეხება საერთო შეხვედრას, ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. გვედავებოდნენ, რომ თითქოს, ნაჩქარევად მოვამზადეთ დოკუმენტი, ამ დროს თვითონ, პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა პარტიამ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია. ე.წ.-ს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს,“- აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ირაკლი კობახიძე თუ შეხვდება პრეზიდენტს, მისი განცხადებით, თუ შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს არის ასეთი შეხვედრის გამართვა შესაძლებელი.

"თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა," - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მმართველ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.

„ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი და შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის მხრიდან შეხვედრა პრეზიდენტთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დასკვნით ეტაპზე, პრეზიდენტმა პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს. 

დღის ამბები