აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი თბილისის მერიის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ლორა ტორნტონი აცხადებს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.
მას იმედი აქვს, რომ თბილისის ქუჩებში გადამეტებული ძალადობა არ მოხდება.
„ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს ის, რაც პოლიტიკურ გარემოს ძაბავს. არ მინდა ვნახო ძალადობის აქტები. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა. მათ აქვთ სრული უფლება გამოთქვან მოსაზრებები სხვადასხვა კანონმდებლობაზე. იმედი მაქვს, მათი ეს უფლება დაცული იქნება,“ - აცხადებს ლორა ტორნტონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის ლიდერები თბილისის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც საპატრული პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. აქციის დროს, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი ადამიანი.
მერიასთან აქცია "ენმ"-ის ლიდერებმა გამართეს. ოპოზიცური ძალის წარმომადგენლები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დავით ნარმანიას საკრებულოს მიერ გადაგზავნილი დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა.
თბილისის საკრებულო რამდენიმე დღის წინ იმსჯელა დოკუმენტზე და ფუნქციური ზონის სტატუსი გაუუქმა ტერიტორიებს, რომელიც მოგვიანებით ივანიშვილის კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა.
საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.