საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.
მმართველი გუნდის წევრები გამოკითხვის შეფასებისას, ფაქტობრივად ადასტურებენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას სისტემური ხასიათი არ აქვს.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ აქვს ჩვენს შემთხვევაში სისტემური ხასიათი და სისტემურად არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუ სადმე არის რაღაც დარღვევები სახეზე ან დარღვევის ნიშნები, რა თქმა უნდა, თითოეული საკითხი კარგად არის გამოსაძიებელი,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.
"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვას რეალისტურად მიიჩნევენ ოპოზიციაში.
„ფაქტია, რომ ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს ძალადობის, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით და ამ ყველაფერს ამძიმებს ის გარემოება, რომ კორცხელის ინციდენტი, ეს უმძიმესი დანაშაული დღემდე არ არის გამოძიებული და ეს ყველაფერი ახალისებს კიდევ და კიდევ ხელისუფლებას, რომ კიდევ იძალადოს,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ირაკლი ნადირაძე.
საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ 2016 წლის დარღვევების გამოუძიებლობამ მმართველი გუნდი კიდევ უფრო წაახალისა.
„საკმაოდ კრიტიკული ანგარიშია, საუბარია არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. ჩვენ გვახსოვს სხვა ფაქტებიც ძალადობის, რომელიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული და დღემდე არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.