საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 6 ოქტომბერს, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასების საბოლოო დასკვნა დამტკიცდება.
კობახიძის განცხადებით, დასკვნა იქნება წინასწარ შეფასებით დოკუმენტზე დაფუძნებული. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის იმ ორი პირობის შესასრულებლად, რომელზე შეთანხმებაც ვენეციის კომისიასთან შედგა.
საუბარია ბლოკებისა და ბონუსის საკითხის კონსტიტუციიდან ამოღებაზე.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება პრეზიდენტისადმი აღნიშნულ ორ საკითხზე ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.
„6 ოქტომბერს შედგება პლენარული სხდომა ვენეციის კომისიის, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით და ეს დასკვნა იქნება ბუნებრივია, იმის შესაბამისი, რაც იყო წინასწარი დასკვნა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, ვენეციის კომისიასთან ორ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად აისახება სამომავლოდ კონსტიტუციაში. საუბარიაეს ბონუსისა და ბლოკების ამოღებაზე.
"ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტრასბურგში გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს გაიზიარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მმართველი გუნდის შეთავაზებას დათანხმდება.
„მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება. თუ ეს ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა 20 პარტიასთან ერთად, ბუნებრივია ამ კონსტიტუციას, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.