სასამართლოს გადაწყვეტილებით მერიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ორ კვირაში მიიღებს.
მოსამართლემ თბილისის მერიას, თითქმის, ორი კვირა მისცა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ბრალეულობის დამადასტურებელი კადრების წარსადგენად.
პროკურატურამ მოკვლევა თბილისის მერიის და მედიის მიერ გავრცელებულ კადრების საფუძველზე დაიწყო. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, როგორ მიათრევენ სამართალდამცველები ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს, მერიის შესასვლელში.
ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრები მერიამაც გაავრცელა. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ამტკიცებს, რომ მასალა არასრულია.
სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე სასამართლოში ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის დაკავებულმა აქტივისტებმა. ისინი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, მათ წინააღმდეგ ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის წაყენებულ ბრალდებას კი არ ეთანხმებიან.
ნაციონალური მოძრაობის გუშინდელ აქციაზე მომხდარი ინცინდენტების შესწავლა სახალხო დამცველმაც დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე.
თბილისის მერიასთან აქცია საკრებულოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართეს. ისინი თბილისის მერს საკრებულოს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტზე ხელის მოწერისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს თბილისის ცენტრში სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთები გადაეცემა.