საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარს ამბობს და ვეტოს დასაძლევად ემზადება. ქვეყნის პირველი პირის წინადადება, რომ ვეტოს თანმხლებ მოტივირებულ შენიშვნებში „ქართული ოცნების“ 2 მოთხოვნის გარდა, კიდევ 4 საკითხი ჩაიწეროს, უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მანდატების განაწილების წესისა და ბლოკების შემოღების ნაცვლად, პრეზიდენტი მმართველ გუნდს 2020 წლიდანვე სთავაზობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამის შემდეგ ოპოზიცია მზად არის, ხმა მისცეს დოკუმენტს. თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელია.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ან დოლიძე მმართველ გუნდს 20 პარტიასთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ კომპრომისულ ვერსიას სთავაზობდა.
1.ბლოკების შენარჩუნება.
2. ე.წ. ბონუსად მიღებული ხმების სამართლიანად განაწილება.
3. პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა.
20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართა. საპარლამენტო ოპოზიცია პრინციპული საკითხების დათმობას არ აპირებს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი, დარწმუნებული არიან, რომ ეს შეთავაზება ერთადერთი შანსია "ქართული ოცნებისთვის", რომ მათ ერთპარტიული კონსტიტუცია არ ჰქონდეთ.
კომპრომისის შემთხვევაში, ეროვნული თანხმობის დოკუმენტს ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალა მხარს დაუჭერს.
თბილისში გამართული კონსულტაციების პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს ვენეციის კომისიაში, ხვალ პლენარულ სხდომაზე "ოცნების" ვერსიას ირაკლი კობახიძე გაიტანს.