„პრეზიდენტი მზადაა, დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე დამტკიცებულია.
ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციის დოკუმენტი ნაკლოვანებებს შეიცავს, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ასევე, ბონუსის სისტემას.
„კომისიის თავმჯდომარემ და მომხსენებლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი იმას, რომ დოკუმენტში რჩება მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს ეხება ფართო კონსენსუსის ნაკლებობას და ასევე, ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბონუსის სისტემას და ა.შ. პრეზიდენტი მზადაა, დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას. ამ შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობაზე ასევე, აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ თავის დასკვნითი სიტყვის დროს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ვენეციის კომისიის სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრო.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ორშაბათს გასაჯაროვდება.