20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა - არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს ეხმაურებიან.

საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდისადმი პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა.

მიმართვას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.  

„საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ მას შემდეგ, რაც ის ორპალატიანი გახდება.

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა.

"შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება განიხილოს და შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური ნება გამოავლინოს.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის,“ - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები