თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს. საკრებულოს შენობასთან პარტიის ლიდერები და ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფება, რომელმაც შენობასთან მობილიზებულ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მათ კანონით საკრებულოში შესვლის უფლება ჰქონდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ეს არის სიმბოლო, განსახიერება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. გარდა იმისა შინაარსით რაც ხდება შიგნით საკრებულოში, როდესაც 1 ლარად ჩუქნიან მილიარდერს ქონებას, ამის გარდა დამოკიდებულება, პარლამენტის წევრების მიმართ, ხალხის მიმართ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან, ამ პოლიციელებს არღვევინებენ კანონს, უხეშად და ცინიკურად და ამაზე პასუხი უდნა გავცეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
4 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების, სიმბოლურ ფასად გადაცემას. ამ საკითხზე დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.