ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება. საქართველოში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ამ ფორმატში პირველად ტარდება. ღონისძიება დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამ გახსნა.
მინისტერიალს 14 ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრება. მონაწილეები რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„ეს პლატფორმა იძლევა საუკეთესო საშუალებას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მტკიცედ იქნეს მხარდაჭერილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რაც ასახულია ჩვენს საერთო განცხადების პროექტში. ასევე მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული გზის, დემოკრატიული განვითარების და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას თქმით, პროცესში საქართველო აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხდება. კონფერენცია ხვალ გაიმართება და მას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დაესწრება.
„ჩვენ გვექნება საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ განვიხილოთ მიმდინარე გამოწვევები მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. განვიხილოთ ასევე თუ როგორ მოხდება კონკრეტულ შემთხვევაში შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ჩართულობის უზრუნველყოფა.
თქვენ იცით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ კონკრეტული წინადადებებით მივმართეთ ნატო-ს და ვართ სტრატეგიულ დიალოგში ნატო-სთან იმისთვის, რომ მოხდეს იდენტიფიცირება იმ კონკრეტული ინიციატივებისა, რომლის ფარგლებშიც საქართველო იქნება აქტიურად, ნატო-სთან ერთად ჩართული რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ერთ-ერთი განხილვის თემა იქნება რეგიონში, კონკრეტულად კი შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი,“-აცხადებს ლევან იზორია.