ბათუმში ხვალ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრებიან.
ბათუმში ჯეიმს აპატურაი იმყოფება. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა მედიასთან განცხადება გააკეთა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს ინტეგრაცია, უსაფრთხოება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმები იქნება.
„მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვიცი, რომ გენერალური მდივანი დაინტერესებულია კონფერენციის შედეგებით, ვისაუბრებთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მომავალსა და საერთაშორისო ურთიერთობაზე, მათ შორის ნატოზეც. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, პრეზიდენტს შევხვდე, პრემიერსა და ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვან სამ მინისტრს - საგარეო, თავდაცვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრებს.
"მოუთმენლად უნდა ველოდოთ არსებული პაკეტის შემდგომ იმპლემენტაციას, მხარდაჭერას, რომლითაც ნატო უზრუნველყოფს საქართველოს და პირიქით, საქართველო ნატოს. საქართველოსთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჯერ კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი, მაგრამ, რასაც 2008 წლის შემდეგ მივაღწიეთ, ძალიან აშკარაა,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეები რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად გაამახვილებენ ყურადღებას.