ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას რკინის გალავანს უშენებენ. პარკინგის ტერიტორიის შემოღობვა საარჩევნო ადმინისტრაციამ შენობაში გადასვლიდან 6 წლის შემდეგ გადაწყვიტა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შარშან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა.
ოპოზიცია კომისიის გადაწყვეტილებას ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებასა და შესაძლო პროტესტს უკავშირებს.
„ადამიანი ღობავს ტერიტორიას, ნათელია ივანიშვილის ხელისუფელების განზრახვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ის უშვებს, რომ შესაძლებელია, ღიად მოხდეს არჩევნების გაყალბება და ამან საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიოს და საზოგადოების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართოს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამყალბებელ ორგანოს უწოდებენ.
„როგორც ჩანს, მომავალი რევოლუციისთვის ემზადებიან, თუმცა არ მგონია, რომ ღობემ გადაარჩინოს. უფრო დიდი გალავნები იყო, რომ ბასტილიიდან დაწყებული და სხვა ადგილებით დამთავრებული, ხალხმა გადაანგრია. ეს არის ცენტრალური გამყალბებელი კომისია და მისმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ჟვანიამ უკვე ჩაირიცხა 10 მილიონი დოლარი ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში არჩევნების გაყალბებისთვის. გპირდებით, ამ მილიონებს ამოვაშხამებთ,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რისთვისაც ცესკოს გამოიყენებს.
„კამპანიის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანების დარწმუნება ვერ მოახერხა და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა არ აქვთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებას მიაღწიონ. შესაბამისად, ისინი სათადარიგო გზებზე, მაიმუნობებზე, მამაძაღლობებზე ფიქრობენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ერთობა ახალი საქართველოდან“ თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძეც ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადბა.
„ალბათ, ხელისუფლება მართლა ემზადება ოქმების დაწერისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის. ნუ გეშინიათ ხალხო, არჩევნები ვის არ წაუგია, არ ვაპირებთ არც თქვენ გაყრას ამ ქვეყნიდან, გავაგრძელოთ ერთად ამ ქვეყნის მშენებლობა. მოვიდა დრო, წააგოთ არჩევნები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიის შემოღობვა მხოლოდ და მხოლოდ პარკინგის მოწყობას უკავშირდება. კომისიაში ასევე ადასტურებენ, რომ სამუშაოებს ახორციელებს კომპანია, რომელსაც ცესკომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაუფორმა.
„საჭირო იყო კონკრეტული ტიპის სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა აზომვა, საკადასტრო ნახაზების შედგენა, კოორდინატების დადგენა. აქამდე გარკვეული დრო დაეთმო აღნიშნულ სამუშაოებს. ამის დასრულების შემდეგ მოძიებული იქნა კომპანია, რომელიც შემოღობვის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიის შემოღობვა მხოლოდ და მხოლოდ პარკინგის მოწყობას უკავშირდება,“ - განაცხადა ცესკოს ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ბუსკივაძემ.