„უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას.
ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა. ჯანეზაშვილის თქმით, მან 38 მოსამართლიდან, რომელთაც უვადო გამწესებაზე განცხადებები აქვთ წარდგენილი, უმეტესობას უარყოფითი შეფასება მისცა, რასაც საბჭოს წევრების უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მისივე განცხადებით, მის მიმართ გამოყენებული იქნა უცენზურო და არაეთიკური გამონათქვამები.
კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე საზოგადოებრივი კონტროლი გაიზრდება.
„უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მხოლოდამხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი. ალბათ, აუცილებელია, რომ ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 უვადოდ გაამწესა, 4 კანდიდატს კი უარი განუცხადა.