18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრებს შეურაცხყოფასა და არაეთიკურ მიმართვაში ადანაშაულებს

იუსტიციის საბჭოს სხდომა, სადაც 38 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხი განიხილება, იუსტიციის იმაღლეს საბჭოში სხდომა 4 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული. 

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მიზეზი უცნობია. 

სხდომის დაწყებამდე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თათბირიდან გამოსვლის შემდეგ იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, საბჭოს წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა. 

ჯანეზაშვილის თქმით, მან 38 მოსამართლიდან, რომელთაც უვადო გამწესებაზე განცხადებები აქვთ წარდგენილი, უმეტესობას უარყოფითი შეფასება მისცა, რასაც საბჭოს წევრების უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მისივე განცხადებით, მის მიმართ გამოყენებული იქნა უცენზურო და არაეთიკური გამონათქვამები. 

„რამდენიმე ადამიანი, საკმაოდ ბევრი მე არ შევაფასე კეთილსინდისიერად, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტს და ის პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, რომელიც ეხება მის უვადო გამწესებას მომავალი 20 – 30 წლის განმავლობაში, ვერ ავიღე. საკმაოდ რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება და მე ვფიქრობ, რომ საბჭოს ყველა წევრი ამ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

"ჩემს მიმართ იყო არაეთიკური მომართვები საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელიც ჯერ არ გახსნილა. სხდომა არ არის ოფიციალურად, ამის გამო და ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შეფასება, რომელიც მე გადავეცი შეფასების დეპარტამენტს, არ არის კონფიდენციალური,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც არაეთიკურ მიმართვებს ეხებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმაც დაადასტურა.

„ქალბატონი ნაზის განცხადებებს ჰქონდა დღეს საკმარისი საფუძველი. უფრო მეტიც, მის მიმართ არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულება ადრეც ყოფილა და არაერთგზის და ოლიმპიური სიმშვიდით ითმენდა ამას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სრულიად საფუძვლიანი იყო მისი პრეტენზიები. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი არაეთიკური გამოხდომა, ცინიზმი, ეს არის საკუთარი უსუსურობის და საკუთარი სისუსტის გამოვლინება და მხოლოდ იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამას კადრულობს,“ - აცხადებს ვახტანგ მჭედლიშვილი.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში 38 მოსამართლის საკითხის გადაწყვეტაა. კენჭისყრაზე 3 წლიანი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიან, ვინც საბჭოს განცხადებით მიმართა. მათ შორის არიან თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.

ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებაზე განცხადება არ შეუტანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები