სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველობაში - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
ხოშტარიამ ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის.
„პირველ რიგში სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველობაში. არა ჩვენთვის პიროვნულად ან პარტიულად, არამედ ქალაქისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამასთანავე ჩვენთვის, "ევროპული საქართველოსთვის", როგორც ახლად შექმნილი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენმა ადამიანმა გამოგვიცხადა ნდობა და მე მინდა სათითაოდ ყველას მადლობა ვუთხრა და გამოვხატო, რომ ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თითოეული ამ ადამიანის წინაშე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მზარდ არის ხვალიდან შეუდგეს გაორმაგებული ძალებით მუშაობას, რადგან პარტია პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა. ხოშტარიას განცხადებით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების ფაქტები, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობის და მოსყიდვის ფაქტებს.
„ადამიანებს აკონტროლებდნენ პირდაპირ უბნებზე, იყო მოსყიდვის ფაქტები. იყო მობილიზაცია მათი მხრიდან, რეგისტრაცია, სიების შემოწმება, ადამიანების ძალით მოყვანა და ა.შ. „ქართული ოცნება“ მუშაობს ასე,“ - აცხადებს ხოშტარია.