20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
„მგონი, მეორე ტური რომ ჩატარებულიყო სჯობდა, ახალ პურ-მარილს კიდევ მაკისრებინებენ," - თამაზ მეჭიაური

„ოპტიმისტი კაცი ვარ და ყოველთვის ველი, რომ ობიექტურობა ოდესღაც ნორმა გახდება ქვეყანაში,“ - ეს განცხადება პარტია ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„მე მგონი, მეორე ტური, რომ ჩატარებულიყო, სჯობდა, ახალ პურ-მარილს კიდევ მაკისრებინებენ, უკვე იმდენი ვიკისრე“ - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

საია-ს პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ორივე განკარგულება კანონის დარღვევით მიიღო, რაც ბათილობის საფუძველი გახდა.  

„სააპელაციო სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, საარჩევნო დავები უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება, რომლის მიხედვითაც, შემაჯამებელი ოქმი დარჩა ძალაში და იმ უბანზე გამარჯვებულად გამოცხადდა მეჭიაური,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მოსარჩელე მხარე, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) თავმჯდომარე, მერი კაპანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასამთავრობოს მიზანი იყო, რომ სამართლიანად წარმართულიყო პროცესები და მათ რაიმე პოლიტიკური ინტერესები არ ჰქონიათ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი სააპელაციო სასამართლოსგან განსხავევებულ გადაწყვეტილებას ელოდა.

„ერთადერთს ვისურვებდი, რომ თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაურმა, რომ იმაზე უკეთესი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი,“ - აცხადებს ლელა ქიტესაშვილი.

სასამართლოსთან იმყოფებოდნენ თიანეთელები, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. 

 ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები