მაგის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
შალვა ხუციშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველის სამხრე კამერას, მომხდარი ინციდენტი და დაკავების პერიოდი დაფიქსირებული არ აქვს.
ხუციშვილის მტკიცებით, შსს-ს მიერ გადაცემულ ვიდეო ჩანაწერებში ასახულია პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, არ არის ჩაწერილი დაკავების პროცესი.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ეს გამოძიების საქმეა და შესაბამისად, როდესაც გამოძიება გადაწყვეტს, მაგის მიხედვით იქნება.
"კამერების ჩანაწერები არსებობს და მაგის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს ტყუილია. მეორე, მივაწოდეთ ჩვენ კამერების ჩანაწერები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ ამ საქმეზე რაც შეიძლება მალე და ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს გამოძიების შედეგად,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
კითხვაზე, რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლების ვიდეო კომენტარები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ პასუხობს.