„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარ განმარტა, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება და კომისია მხოლოდ წინასწარ გაცხადებულ ოთხ პუნქტზე იმუშავებს.
ბაქრაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა, შესაბამისად მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ კომისიაში მუშაობის აზრს ვერ ხედავს.
„გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, წარდგენილი ოთხივე ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, თუმცა ოთხივე მათგანი არის ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხარვეზების გამოსწორებას საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ცდილობს, რაც მისივე განცხადებით, ვერ გამოდგება კონსენსუსის და პოლიტიკური შეთანხმების საფუძვლად. ბაქრაძის თქმით, კონსენსუსისთვის საჭიროა მაჟორიტარული სისტემის 2020 წლიდან გაუქმება და პრეზიდენტის არჩევის შენარჩუნება.
„ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება,“ - აცხადებს ბაქრაძე.