20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს

საპარლამენტო ოპოზიცია ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის შესწავლის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურატურის და შსს-ს განცხადებების შემდეგ ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის მსგავსი ფაქტები დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს.

„პარლამენტი ხელს აფარებს დანაშაულს. პარლამენტი ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს. ამიტომ, თუ რაიმე მსგავსი კომისია შეიქმნება და ამის პოლიტიკური ნება ექნება ვინმეს ამ ქვეყანაში, იქნება ეს ძალიან კარგი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო საპარლამენტო კომისია მსგავსი ფაქტების ობიექტური გამოძიებისთვის აუცილებელია.

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი კი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. 

„მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით კომენტარს ამ გამოძიების დასრულებამდე ვერ ვაკეთებ,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი. 

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე არასამთავრობო სექტორმა განცხადება გაავრცელა. ისინი მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომები სწორედ ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები