არასამთავრობო ორგანიზაციები ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ არსებობს არა ერთი კითხვა, რომელსაც საგამოძიებო უწყებებმა პასუხები უახლოეს პერიოდში უნდა გასცეს.
„კადრების არ არსებობა ერთის მხრივ, ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ამ შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ვერ უზრუნველყვეს მათი ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენება სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად იყო ამის გაკეთება საჭირო და მეორეს მხრივ, არსებობს ასევე რისკები, რომ ამ კამერებზე არსებული ჩანაწერი შესაძლებელია წაშლილიყო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რატომ არ მოხდა ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინციდენტის სრულად გადაღება. მათი თქმით, განსაკუთრებით საეჭვოა ის გარემოება, რომ ვიდეო მასალას, რომელიც ნუცუბიძის ფერდობზე განვითარებულ პროცესებს ასახავს, აკლია სწორედ ის ნაწილი, რომელიც დაკავებას და ცუდად გახდომის მომენტში პოლიციის რეაგირებას ეხება.
„კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც შსს-მ გააკეთა ძალიან ნაადრევი განცხადება, რომელიც ცალსახად იყო გამიზნული გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციისკენ. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ეს იყო ძალიან საეჭვო, შემდგომ სხვა გარემოებები გამოირკვა. მეორე პრობლემა, რაც წარმოიშვა, ეს იყო სამხრე კამერების არ არსებობა,“ - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი გვილავა.
სამოქალაქო სექტორმა ერთობლივი განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტსაც მიმართა და მოუწოდა, დროულად დადგინდეს, ხომ არ მოხდა მანიპულირება ვიდეო ჩანაწერებზე.