06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
კიევში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტელეკომპანია "NewsOne"-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს

კიევში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტელეკომპანია "NewsOne"-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს. მათ მაუწყებლის ოფისის შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები და მავთულხლართები მიიტანეს.

შეკრებილები არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და კომპანიის მფლობელის მიერ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, იმ განცხადების გამო, როდესაც მან "ევრომაიდანს" სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

„NewsOne“-ის შენობასთან მივიდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის “ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ „NewsOne“ ერთადერთი არხი იყო, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამართულ აქციას აშუქებდა და შენობის ბლოკირების მიზეზადაც ამ ფაქტს მიიჩნევს.

„დღეს, ევრომაიდნის შემდეგ ყველაზე დიდი აქცია გაიმართა. NewsOne“ ერთადერთი ტელეარხი იყო, რომელმაც ეს მრავალათასიანი მსვლელობა გააშუქა. პარალელურად, ჩემი მიტინგზე გამოსვლიდან ნახევარ საათში დაიწყო ამ ტელეარხის ბლოკირება. ისინი ამბობენ, რომ არხის მფლობელის განცხადების გამო არიან აქ. მან კი ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მე არ ვთვლი, რომ ტელეარხის სწორედ დღევანდელ დღეს ბლოკირება დამთხვევაა. შექმნილი ვითარება აწყობს პოროშენკოს და ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს ძირს უთხრიან, იტაცებენ და ქვეყნიდან აძევებენ ხალხს. მათ, ვინც ქართველ ოლიგარქებთან და რუსეთის სპეც სამსახურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემი გატაცებისა და უკრაინიდან დეპორტაციის მიზნით,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მომხდარი მედიაზე ზეწოლის მცდელობად უკვე შეაფასა უკრაინის ჟურნალისტთა კავშირმა.

დღის ამბები