06 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
პრეზიდენტმა პოროშენკომ, სამწუხაროდ, "გაიჩალიჩა" - "საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი

„ამ მოცემულობაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინის ხელისუფლებამ, კერძოდ პირადად, პრეზიდენტმა პოროშენკომ სამწუხაროდ, როგორც იტყვიან, "გაიჩალიჩა", ის, რაც ხდება დღეს,“ - ასე აფასებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა დილით მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი წაყვანის საშუალება არ მისცეს. 4 საათის განმავლობაში მანქანა, რომელშიც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ჰყავდათ დაკავებული, ალყაში მოაქციეს და გაათავისუფლეს.

პაატა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა, მისი თქმით, დასანანია ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს.

„დასანანია იმის ხილვა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა ვინმე, ებრძვიან არაპოლიტიკური მეთოდებით. როდესაც ცდილობენ კანონის უზენაესობა ააშენონ არადემოკრატიული მეთოდებით,“ - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილი.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ უკრაინაში ოპოზიციური ლიდერი არ უნდა იჯდეს ციხეში და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

„უკრაინის მოქალაქეებმა, რეალურად, გადაარჩინეს ამ კონკრეტულ ინციდენტშიც უკრაინის დემოკრატია, ისევე, როგორც თავის დროზე მეიდანზე,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მან ასევე განმარტა, რომ პოროშენკოს მხრიდან არადემოკრატიული ფორმებით ოპონენტებზე ანგარიშის გასწორებას, ეს უკრაინის დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი იქნება.

დღის ამბები