06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია აქტიურად ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია აქტიურად ეხმაურება. "მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში ისევ დააკავეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“. ავტორი წერს, რომ სააკაშვილი გვიან ღამით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ.

სტატიაში წერია, რომ დემონსტრანტები შენობასთან ყოფნას სააკაშვილის გათავისუფლებამდე აპირებენ.

ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს ყოფილ ლიდერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირად მიიჩნევენ და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ მალევე გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია BBC-მ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს, რაც ის მხარდამჭერებმა პოლიციის მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.

BBC წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ანტიკორუფციულ აქციებს ხელმძღვანელობს და მას 5-წლიანი პატიმრობის გარდა, საქართველოში ექსტრადირებაც ემუქრება.

სტატიაში მოყვანილია თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.

სააგენტოების ნაწილი კი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღაზე ამახვილებს ყურადღებას.

"სააკაშვილის მეორედ დაკავებას კიევის ცენტრში ასობით ადამიანი აპროტესტებს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „რადიო თავისუფლებამ“. ავტორი წერს, რომ ოპოზიციის აქტივისტები პარლამენტის შენობის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებასთან ღამითვე შეიკრიბნენ და ყვიროდნენ: "სირცხვილი", "კიევო, ადექი".

„რადიო თავისუფლების“ სტატიაში დაკავების იზოლატორთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა მობილიზებაზეც არის საუბარი.

დღის ამბები