06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
აშშ-მ ე.წ. მაგნიტსკის სიაში რამზან კადიროვი შეიყვანა

აშშ-მ ე.წ. მაგნიტსკის სიას ჩეჩნეთის ლიდერის გვარი დაუმატა. რამზან კადიროვთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქცია რუსეთის კიდევ ოთხ მოქალაქეს დაუწესდა.

სიაში ახლა 49 პიროვნებაა შეყვანილი. აქტის პირობების გათვალისწინებით, ამ სიაში მყოფ პირებს არ შეუძლიათ მიიღონ ვიზები და შევიდნენ შეერთებულ შტატებში. ეს პიროვნებები ასევე შეყვანილები არიან სპეციალური დანიშნულების მოქალაქეებისა და დაბლოკილი პიროვნებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სიაში. შედეგად, იბლოკება მათი ყველა აქტივი, რომელიც ექვემდებარება ამერიკის იურისდიქციას ან კონტროლდება შეერთებული შტატების მოქალაქეების მიერ. ამერიკის მოქალაქეებს კი მათთან ფინანსური თანამშრომლობა ეკრძალებათ.

ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი განმარტავს, რომ რუსეთის ადმინისტრაციას მაგნიტსკის სიით გათვალისწინებულ სანქციებზე მწვავე რეაქცია აქვს და პუტინი 3 წლის მანძილზე პირადად ცდილობდა მის გაუქმებას. საქმე ის არის, რომ მაგნიტსკის სია უკვე საერთაშორისო აქტი ხდება და მსგავსი კანონის ბრიტანეთში, კანადაში, ესტონეთსა და ლიტვაში დამტკიცებით თანდათან იზღუდება საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის ბიზნეს საქმიანობა.

„ჩვენ ახლოს ვართ მოვლენასთან, რომელსაც რუსეთის კლეპტოკრატიისთვის დამანგრეველი მოქმედებით მაგნიტსკის სიის გაგრძელება იქნება. მხედველობაში მაქვს სანქციების შესახებ 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონი და განსაკუთრებით მისი 241-ე მუხლი პერსონალური სანქციების შესახებ. ამას მე მაგნიტსკის გლობალურ აქტს ვუწოდებდი. ეს არის კონგრესის კანონი, რომელიც 180 დღის ვადაში ითხოვს პუტინთან დაახლოებული პირების სიის წარმოდგენას, რომლებსაც აქტივები აქ აქვთ. ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს შეფასებით ეს რუსეთის ხელმძღვანელობის ტრილიონი დოლარის კერძო აქტივებს წარმოადგენს. ეს სახელები 2 თებერვლამდე გამოქვეყნდება და მათი აქტივები გაიყინება,“-განაცხადა ანდრეი პიონტკოვსკიმ

კადიროვს სანქციები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, მათ შორის მკვლელობის, წამების, ასევე ლგბტ პირების დევნისა და გასამართლებისთვის დაედო. ამავე მიზეზთა გამო სანქციათა სიაშია ჩეჩნეთის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი აიუბ კატაევიც. გარდა ამისა, სიას დაამატეს უშუალოდ მაგნიტსკის საქმეში მონაწილე ალექსეი შეშენია, ანდრეი პავლოვი და იულია მაიოროვა

დღის ამბები