საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა პარლამენტში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენების თაობაზე ამ დრომდე მსოფლიოს არცერთი პრეზიდენტი არ გასამართლებულა.
„მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ.
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და სამართლებრივად ამას არაფერი წინ არ უძღოდა, მითუმეტეს, რომ 4-5 წლის განმავლობაში ეს საქმე გადადებული ჰქონდათ, როგორც სუსტი საქმე და როცა დასჭირდათ პოლიტიკურად, მაშინ გამოიყენეს,“ - აცხადებს რატიანი.