გერმანულმა კლინიკამ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს.
თუმცა, გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მონაცემების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი განაცხადა.
"მათ განაცხადეს რომ ამ ეტაპზე კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეუძლიათ. ეს იყო მიზეზი რაც ჩემთვის არის ცნობილი. რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდანაც. ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით და კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს,"-განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.
19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა. ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ მის მდგომარეობაში გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება.