26 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
თანამდებობრივი სარგო მუნიციპალიტეტებში - ოპოზიციის თქმით, შემდეგ არჩევნებამდე ჩინოვნიკების ხელფასი ბიუჯეტს 30 მილიონ ლარამდე დაუჯდება

გორის საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასი გაეზარდათ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი 2 მოადგილის, გორის მერისა და მერის სამი მოადგილის შენახვა გადასახადის გადამხდელებს, ჯამში, 107 000 ლარი დაუჯდებათ.  

ხელფასების მატებას მხარი არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა. მათი თქმით, ხელფასების ზრდა მძიმე სოციალურ ფონზე დაუშვებელია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელფასო ხარჯი არ გაიზრდება, უბრალოდ, ახალი კანონის თანახმად, ხელფასს ის დანამატი და პრემია დაუმატეს, რის აღებას წელს ისედაც გეგმავდნენ.

საქართველოში სულ 63 მუნიციპალიტეტია, ახალი წესის შესაბამისად ხელფასები დროულად განსაზღვრა მხოლოდ 13-მა საკრებულომ, 7-მა ვადების დარღვევით, ხოლო კიდევ 43-მა საკითხზე მუშაობას ახლაღა იწყებს, რასაც, მაგალითად, თელავის გამგებელი, მხოლოდ მცირე დარღვევად მიჩნევს.

ვადების დაგვიანებით, 31 იანვარს იმსჯელეს ხელფასების მატებაზე ზესტაფონშიც. ბათუმში, საკრებულოში უმრავლესობის შიგნით ჩამოყალიბებული ფრაქციებისა და მერის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შენახვა ბიუჯეტს 2022 წლამდე 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ასევე, მილიონზე მეტი დაუჯდება ხალხს მერისა და „ქართული ოცნების“ შვილობილი ფრაქციების შენახვა რუსთავში.

ოპოზიციის გათვლებით, შემდეგ საარჩევნო ციკლამდე მხოლოდ მმართველი გუნდის შვილობილი ფრაქციების შენახვა და ჩინოვნიკების ხელფასზე ახალდამატებული თანხები ბიუჯეტს 30 მლნ ლარამდე დაუჯდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ 130 შვილობილი ფრაქცია მმართველ გუნდს მუნიციპალურ საკრებულოებში კანონდარღვევით აქვს ჩამოყალიბებული, რადგან ისინი საკრებულოებში ერთიანი პარტიული სიით გავიდნენ და არა საარჩევნო ბლოკის სახით.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები