25 იანვარი 2022,   03:40
ვრცლად
"ეს არის ძალიან მტკივნეული საქმე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის"-არასამთავრობო ორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე 

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ, რომლებიც აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

მათ შორის არის „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, რომლის წევრი გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მთავარია ხელისუფლება საკითხის სიმძაფრეს მიხვდეს და გაიაზროს რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა.

„აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან მოიტაცეს და რჩება ძალიან ბევრი კითხვები ამასთან დაკავშირებით  და არსებობს ვარაუდი, რომ ამაში ჩარეული იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. არც არის პრობლემა და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა უპასუხოს  სახელმწიფომ,“-განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე თავიდანვე არასწორად დაიწყო და საქმეში არ დევს ვიდეო მტკიცებულებები.

„საგამოძიებო კომისია იმიტომ შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ ძალიან კონკრეტული შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო უწყებას და ასე ვთქვათ დეტალურად ნახოს გარკვეულად ხარვეზები რა იყო, გამოსწორების რა შანსი არსებობს,“-განაცხადა ნათია კაციტაძემ.

საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს გია ნოდიაც. ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მოლოდინი ობიექტური გამოძიების არავის არ აქვს.

„ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა. ამ დროს ეს არის ძალიან მტკივნეული საქმე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის კონკრეტული ადამიანის ბედის გარდა. ამიტომ ერთადერთი ფორმატი , რომელშიც  ეს საქმე შეიძლება განხილული იყოს გონივრულად ეს არის პარლამენტი და საპარლამენტო კომისია,“-განაცხადა გია ნოდიამ.

აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტი პარასკევს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. საკითხს „ევროპული საქართველო“ დააყენებს.

დღის ამბები