ბასტიან შვაინშტაიგერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისურ კლუბთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანიის ნაკრების კაბიტნის სურათს „იუნაიტედი“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
30 წლის ნახევარმცველში „მანჩესტერმა“ 14 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
„მიუნჰენის „ბაიერნი“ ჩემი გუნდია და მე ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიმიღია. თუმცა, „მანჩესტერი“ ერთადერთი გუნდია, რომელშიც თამაშს დავთანხმდებოდი. მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის მსოფლიოს ურთულეს ლიგაში და მოუთმენლად ველი ლუი ვან გაალთან მუშაობის განახლებას“, - განაცხადა ბასტიან შვაინშტაიგერმა.
თავის მხრივ, „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბედნიერია შვაინშტაიგერის ტრანსფერის გამო. სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტის ფაქტორი გამოდგა გერმანელი ნახევარმცველისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების დროს.
„მისი რეპუტაცია და მიღწევები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბასტიანი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს გუნდს“, - მიაჩნია ვან გაალს.
შვაინშტაიგერი ინგლისში ყოელწლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სატრანსფერო სეზონის განმავლობაში „მანჩესტერმა“ უკვე დახარჯა 80 მილიონი ფუნტი.