„შალკეს“ ხელმძღვანელობამ უარყო ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალური წინადადება იულიან დრაქსლერის შესახებ. გერმანული მედიის ინფორმაციით, გელზენკირხენელებს ფეხბურთელში მინიმუმ 30 მილიონი ევროს მიღება სურთ, იტალიელებმა კი მათ 20 მილიონზე ნაკლები შესთავაზეს.
„ტურინის „იუვენტუსს“ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათი შეთავაზება უარყოფილია. ასევე ავუხსენით, რომ არ გვსურს მათ დრაქსლერთან მოლაპარაკებები გააგრძელონ“, - განაცხადა „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა.
ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ დრაქსლერმა გუნდი მაინც დატოვოს. ჰელდტის განმარტებით, „შალკეს“ უარი მხოლოდ „იუვენტუსს“ ეხება.
დრაქსლერის დაუყოვნებლივ შეძენა ნებისმიერ გუნდს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ „შალკეს“ 45.5 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს ფეხბურთელის მოქმედ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, რომელიც 2018 წელს იწურება.